ბოლო პერიოდის განმავლობაში მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა მიგრაცია. წლებთან ერთად საზღვრები ქვეყნებს შორის უფრო და უფრო უხილავი ხდება. ადამიანებს საშუალება ეძლევათ ისწავლონ და იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. დასაქმების ბაზარი, ისევე როგორც განათლების ბაზარი გლობალური გახდა და ადამიანებს აღარ უწევთ არჩევანის გაკეთება მხოლოდ საკუთარ სამშობლოში არსებული შრომის ან განათლების ბაზრის პირობების გათვალისწინებით. სამამულო განათლების სისტემას და დამსაქმებლებს კი უწევთ კონკურენცია გაუწიონ დანარჩენ მსოფლიოს, რათა მოიპოვონ საუკეთესო კადრები და მიაღწიონ მწარმოებლურობის უფრო მაღალ დონეს. თუმცა ერთი საკითხია დამსაქმებლების და დასაქმებულების ბენეფიტები და მეორეა რამდენად სასარგებლოა მიგრაცია ქვეყნის განვითარებისთვის.
მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი. ანაზღაურება კი არის ფასი, რომელსაც ადამიანის უნარებში იხდიან და რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ადამიანები კი ამჯობინებენ წასვლას იმ ქვეყნებში, სადაც უნარებზე ფასი მაღალია. განვიხილოთ უნარების ბაზრი, სადაც ფასი მოთხოვნა-მიწოდებით რეგულირდება, განსხვავებულ ქვეყნებში კი განსხვავებული წონასწორული ფასი გვაქვს. ახლა დავუშვათ, რომ წარმოშობის ქვეყანაში წონასწორული ფასი დაბალია, რის გამოც მაღალი უნარების მქონე პიროვნებები ისეთ ქვეყანაში წასვლას ამჯობინებენ, სადაც მათი უნარების შესაბამისი ფასი უფრო მაღალია. შესაბამისად, წარმოშობის ქვეყანაში წარმოიქმნება უნარების დეფიციტი (მცირდება მაღალი უნარების მიწოდება), რაც ფასს უფრო დაბალი უნარების მქონე პიროვნებებისთვის მაღლა წევს. დაბალი უნარების მქონე პიროვნებების მწარმოებლურობა კი დაბალია, რის გამოც ფერხდება ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ქვეყნისთვის სავალალოა, როდესაც მას მაღალ უნარიანი მოქალაქეები ტოვებენ.
გარდა მაღალ უნარიანი მოსახლეობის მიგრაციისა, მნიშვნელოვანია ასევე სტუდენტების მიგრაციაც, რომლებიც სწორედ უნარების ასამაღლებლად ტოვებენ ქვეყანას. ერთის მხრივ განვითარებადი ქვეყნისთვის დადებითი მოვლენაა ის, რომ მის მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება ეზიარონ განვითარებული ქვეყნების ტექნოლოგიას, მიიღონ ცოდნა, რის დანერგვას და გაზიარებასაც საკუთარ ქვეყანაში შეძლებენ. მაგრამ მეორეს მხრივ არის კი ეს ყოველივე ასე? სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციულ საკითხებთან მიმართებაში ძალიან მწირია სტატისტიკური მონაცემები, პრაქტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზღვარგარეთ კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი იშვიათად ბრუნდება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან, განვითარებად ქვეყნებში, რისი მიზეზიც კვლავაც უნარების ფასთა სხვაობა და ამ უნარების გამოყენების შესაძლებლობაა. ხშირ შემთხვევაში განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ნაკლებ რესურსს უთმობენ კვლევასა და განვითარებას, რაც პირიქით, საკმაოდ პრიორიტეტულია მაღალ განვითარებულ ქვეყნებში, რაც მაღალი უნარების მქონე პირებს საკუთარი უნარების ეფექტიანად გამოყენების საშუალებას აძლევთ.
დავუბრუნდეთ ჩვენს სამშობლოს და დავუკავშიროთ მას აღნიშნული თეორია. თუ ჩვენი ქვეყნის ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედავთ, 2014 წლისათვის ქვეყანას 88704 ემიგრანტი ჰყავს, ხოლო მხოლოდ 2014-2015 სასწავლო წელს ქვეყნიდან უცხოეთში სასწავლებლად 434 სტუდენტი წავიდა (არაოფიციალური სტატისტიკით ეს ციფრი კიდევ უფრო მაღალია). საზღვარგარეთ წასული მოსახლეობის 63%-ის ასაკი 35 წელზე ნაკლებია, ხოლო 2008 წელს CRRC-ისა და ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართველ მიგრანტთა 35%-ს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვეყნიდან ხდება ე.წ. ტვინების გადინება, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის დადებითი მოვლენა ნამდვილად არაა. აღნიშნულის ნაწილობრივ მაინც თავიდან ასაცილებლად ჩამოყალიბდა ინიციატივა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნას, მხოლოდ იმ პირობით რომ ისინი უკან დაბრუნდებიან. სახელმწიფო კი თავის მხრივ ვალდებული იქნება მათ 6 თვის განმავლობაში შესთავაზოს ოპტიმალური სამუშაო ადგილი, სადაც სულ ცოტა, 3 წლის განმავლობაში იმუშავებენ. თუმცა, სტუდენტთა დიდი ნაწილის საზღვარგარეთ სწავლას მასპინძელი ქვეყნები/უნივერსიტეტები აფინანსებენ და არა მათივე სახელმწიფო. შესაბამისად ისინი არც ვალდებულნი არიან რომ ქვეყანაში დაბრუნდნენ. და აღნიშნული ინიციატივაც ბოლომდე ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მანამ სანამ ქვეყანაში არ შეიქმნება მიმზიდველი სამუშაო გარემო, რაც თავად გაუჩენს ემიგრანტებს უკან დაბრუნების სურვილს.
გარდა ჩამოთვლილი ფაქტორებისა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენა აქვს, მიგრაციას ქვეყნის ეკონომიკისთვის სიკეთის მოტანაც შეუძლია, ეს სიკეთე კი საერთაშორისო ფულად გზავნილებში მდგომარეობს. საერთაშორისო გზავნილები არც თუ ისე იშვიათად ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს და ხელს უწყობს ადგილობრივი ვალუტის გამყარებას. ფულადი გზავნილები ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისების დროს ახდენს რისკების დივერსიფიკაციას და განსაკუთრებით ეხმარება ქვეყანის ეკონომიკას. ფულადი გზავნილები კი სწორედ იმ მიგრანტებისგან მომდინარეობს, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ცდილობენ ოჯახის წევრების დახმარებას.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმიგრაცია გარკვეულ წილად საჭიროა, რათა არსებობდეს საერთაშორისო გზავნილები, ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს მაღალგანვითარებადი ტექნოლოგიების შესწავლა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მაგრამ ეს ყოველივე მანამ, სანამ ადგილი ექნება ქვეყნიდან მაღალ უნარებიანი კადრების გასვლას, ე.წ. ტვინების გადინებას. ვინაიდან სწორედ მაღალ უნარებიანი კადრები არიან ის მაღალი მწარმოებლურურობის მქონე ადამიანური კაპიტალი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის საწინდარია.
ავტორი: თათული დუშუაშვილი
წყარო: Forbes Georgia