მაიკ მიტოს – დიმიტრი მეტრეველის ამბავი ძალიან ჰგავს ჩარლი ჩაპლინის ფილმს – “ოქროს ციებ-ცხელებას”, რომლის მთავარი პერსონაჟი ალასკაში მიდის. “ოქროს ციებ-ცხელება” რეალური ისტორიული მოვლენის გამოძახილია, რომელიც კალიფორნიაში 1848 წელს დაიწყო. ამერიკის კონტინენტზე კანადა პირველი ქვეყანა იყო, სადაც 1823 წელს ოქროს მოპოვება და დამუშავება დაიწყეს, მალე კანადას ამერიკამაც მიბაძა. 1848 წელს კალიფორნიაში, 1858 წელს კოლორადოში, 1859 წელს კი ნევადაში ოქროს აღმოჩენას მართლაც ნამდვილი “ციებ-ცხელება” მოჰყვა.
მსოფლიოს ყველა კუთხიდან დაიძრნენ ბედისმაძიებლები ამერიკისკენ. XIX საუკუნის 70-იან წლებში ოქროს მოპოვებისადმი ინტერესი ჩაცხრა, მაგრამ 1890 წელს კლონდაიკსა და ალასკაზე ოქროს აღმოჩენას ახალი აფეთქება მოჰყვა. XIX საუკუნეში ოქროს არაორგანიზებული, მასობრივი წარმოება დაიწყო კლონდაიკის რეგიონში, იუკონის ტერიტორიაზე, კანადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ამ პერიოდს ზოგჯერ იუკონის ოქროს ციებ-ცხელებასაც უწოდებენ. იუკონის ტერიტორიაზე საერთო ჯამში ერთი საუკუნის განმავლობაში მოპოვებულია დაახლოებით 390 ტონა ოქრო. ამერიკელ ოქროსმაძიებელთა შორის იყვნენ ქართველებიც, ამის შესახებ გივი კობახიძის ერთერთ წერილში – “ქართველები კანადაშია” ნაამბობი. წერილში მოთხრობილია, თუ როგორ ჩაძირა ერთი ქართველი მდინარეში ქამარში ჩაკერებულმა ოქრომ… არ ვიცით, რამდენი შეიწირა ამ ლითონმა, რამდენს მოეცარა ხელი, რამდენი იმედგაცრუებული დაბრუნდა ან ვერ დაბრუნდა სამშობლოში, წარმატებას კი ერთეულებმა მიაღწიეს, მათ შორის იყო დიმიტრი მეტრეველიც – ოქროს მრეწველი ამერიკასა და კანადაში. მაიკ მიტოს შესახებ ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი მოგვითხრობს.
დიმიტრი მეტრეველი ამერიკაში
დიმიტრი მეტრეველი 1895 წელს რაჭაში, სოფლ უწერაში დაიბადა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მომავალში, შორეულ კანადაში მთელ ქალაქს დააარსებდა, ალასკაზე კი ოქროს მაღაროებს აამუშავებდა. დიმიტრის ბავშვობიდანვე აჩვევდნენ შრომას. რვა წლისა დურგალს მიაბარეს ხელობის შესასწავლად. თანასოფლელთაგან ხშირად ესმოდა ამერიკისა და კანადის ამბები. თვითონაც შეხვედრია იქიდან დაბრუნებულ მეზობლებსა და ნათესავებს, რომლებიც საოცარ ამბებს ყვებოდნენ, იქ ნაშვნი ფულით კი ცხოვრებას იწყობდნენ. 1913 წელს დიმიტრიც გაჰყვა ერთ დიდ ჯგუფს ამერიკაში, სადაც მას უკვე მრავლად დახვდნენ ქართველები. იმ პერიოდში რაჭველები ძირითადად სიეტლსა და ვანკუვერში იყვნენ დაჯგუფებული, საიდანაც ვიქტორიაში, საკრამენტოში, ტაკომსა და სან-ფრანცისკოში მიდიოდნენ.
ქართველები ვანკუვერში სიეტლიდან გადადიოდნენ და ძირითადად ხე-ტყის დამუშავებასა და რკინიგზის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. 18 წლის დიმიტრი მეტრეველიც ჯერ სიეტლში ჩავიდა, შემდეგ ვანკუვერში. რამდენიმე ქალაქში მოგზაურობის შემდეგ საცხოვრებლად კვებეკის მახლობლად პატარა ქალაქი ვალდორი აირჩია. ცოლად ლიეტუვურირი წარმოშობის ქალი შეირთო. მათ სამი შვილი – ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი – ავგუსტი, ნესტორი და ემილია შეეძინათ. ბევრი ხელობა მოსინჯა, ვიდრე ოქროთი დაინტერესდებოდა. ოქროსმაძიებლობა დიდ ენერგიას, ნებისყოფასა და გამჭრიახობას მოითხოვდა, რაც დიმიტრისაც აღმოაჩნდა. მალე მიაკვლია ოქროს და ჯერ ერთი, შემდეგ კი რამდენიმე მაღარო აამუშავა. მუშებთან ერთად მის გარშემო ნელ-ნელა სხვა ხალხმაც იწყო დასახლება. დაბას, რომელიც შეიქმნა, მისი გვარის მიხედვით, ხალხმა “მეტრეველი” უწოდა.
ალასკა და “მიტოს ანომალიები” დიმიტრი მეტრეველი არ დაკმაყოფილდა კანადური მაღაროებით და ბედი ალასკაზეც სცადა. იქ მის მაღაროებს “მიტოს ანომალიები” უწოდეს. მაღაროების წყალობით მალე გამდიდრდა. ცნობილია, რომ სულ ეხმარებოდა თანამემამულეებს ამერიკაში, ასევე დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა ოჯახსა და ნათესავებს საქართველოში, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა. 1929-1933 წლებში ამერიკაში ეკონომიკურმა კრიზისი მძვინვარებდა, სამწუხაროდ, ამ პერიოდში ბევრი მილიონერი გაკოტრდა. მთელი სიმდიდრე დაკარგა მიტომაც. დაბა მეტრევილი და “ანომალიები” დაცარიელდა, მაგრამ მან მაინც შეძლო დაცემული წარმოების ისე გამართვა, რომ შეძლებულ კაცად დარჩენილიყო. კანადური გამოცემა წერდა, რომ პირველი მოქალაქეები, რომლებიც დასახლდნენ კანადაში, “ოქროს ხეობაში” იყვნენ იღბლიანი და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი ოქროს მომპოვებელი მაიკ მიტო (დიმიტრი მეტრეველი) და მისი სიძე რაშენ კიდი.
დღეს ეს ადგილი ითვლება ცენტრად და საწყისად იმ გიგანტური წარმოებისა, რასაც მოჰყვა ოქროთი მდიდარი კვებეკის ჩრდილო-დასავლეთი არეალის განვითარება და გაფართოება. მრავალ მნიშვნელოვან სფეროთაგან, რომელსაც სათავე დაუდეს მაიკმა და მისმა პარტნიორმა, განსაკუთრებული ადგილი უკავია პირველდაფუძნებულ სამფლობელოს “Russian Kid”-ს დესარატში, კვებეკის ჩრდილო-დასავლეთში, რომლის მილიონდოლარიან გარიგებაზე, თავის დროზე, რაშენ კიდმა უარი განაცხადა. ეს საკუთრება ცნობილია “Bordulac Mines”-ის სახელით, დღეს მძლავრი აღმავლობის სტადიაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Globex Properties-ის ნაწილია, კომპანიის შესახებ ისტორიაში მაიკ მიტო ნახსენებია, როგორც მისი დამფუძნებელი.
მაიკ მიტოსა და მისი ოჯახის შესახებ წერდნენ იმდროინდელი გაზეთები. ყველა აღნიშნავდა მის დამსახურებას ოქროს მოპოვებისა და გადამუშავების საქმეში, თუმცა დიდი დეპრესიის შემდეგ მილიონერთა სიაში აღარ ირიცხებოდა.
მაიკ მიტოს შთამომავლობა და გაგრძელებული საქმე
1970 წელს მაიკ მიტო ქალაქ ჰამილტონში ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა. მისი უფროსი ვაჟი ავგუსტი, 1950-1953 წლებში კორეის ომში იბრძოდა, მამის გარდაცვალების შემდეგ კი მის საქმეს ჩაუდგა სათავეში და მალევე გახდა Augimitto Explorations Limited დამფუძნებელი, შემდეგ კი “Cache d’or Resourses Inc”-ის პრეზიდენტი. კანადის ხელისუფლება აფასებდა და ხელს უწყობდა მისი ბიზნესის განვითარებას. ავგუსტს, იგივე აგის ფრანგული წარმოშობის ცოლი და ერთი ვაჟი – მაიკი ჰყავს. მეორე ძმა, ნესტორი, კალიფორნიაში ცხოვრობდა. ფრანგული წარმოშობის კანადელზე გათხოვების შემდეგ ემილიაც იქვე დასახლდა.
ბოლო ცნობები მეტრეველების ოჯახის შესახებ
რამდენიმე წლის წინ ერთერთმა ქართველმა მოგვაწოდა მიტოს ბიძაშვილის, ნესტორ იოსების ძე მეტრეველის ფოტო. იგი მომავალ სიძესთან, ვასილ ლობჟანიძესთან ერთად წასულა ამერიკაში. 20-იან წლებში დისათვის ეს ფოტო გამოუგზავნია, რომლის მეორე მხარეს იუწყებოდა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ამერიკის ჩემპიონი გამხდარა, 1970-1980-იან წლებში გაზეთის საშუალებით უცდია ნათესავების მოძებნა. იმ დროს მას ქალ-ვაჟი ჰყავდა. ფლობდა ოქროს სარეწებსა და აეროპორტს.
რაჭაში, მშობლიური უწერის სასაფლაოზე განისვენებენ წინაპრები, სოფელში დღესაც ჰყვებიან ამერიკამოვლილ თანასოფლელებზე. თუმცა ვერაფერი გვითხრეს მიტოს ოჯახზე. ალბათ აღარავის ახსოვს ალასკაზე “მიტოს ანომალიებიც”. მხოლოდ კანადამ შემოინახა მეტრეველებზე ხსოვნა ვალდორის ოქროსამასძიებელთა დაბაში გამოშვებული პატარა გაზეთის რამდენიმე ნომერი ინტერნეტში გაჩნდა, რომელთა ფურცლებზე მაიკ მიტოსა და მისი ვაჟის აგის ფოტოებია გამოქვეყნებული, კანადაში მოგზაურობისას კი, ერთმა ქართველმა გზად ქალაქ მეტრევილში გაიარა – დიმიტრი მეტრეველის სახელობის ქალაქი თურმე ისევ არსებობს კვებეკთან.
წყარო: კვირის პალიტრა