გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტების პრეზენტაცია ორბელიანების სასახლეში

ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლემ სამოქალაქო პლატფორმა „შინ მომავლისთვის“ პროექტების პრეზენტაციასა და დაჯილდოებას უმასპინძლა.

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა და სამოქალაქო პლატფორმას მხარდაჭერა გამოუცხადა.

პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ემიგრანტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საზოგადოების ცნობილი სახეები, ხელოვანები, მეცნიერები და საქმიანი ადამიანები, რომლებიც „შინ მომავლისთვის“ იდეის გარშემო ერთიანდებიან.

„შინ მომავლისთვის“ ჯილდო საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველ პროფესიონალებს გადაეცათ, რომლებსაც მრავალწლიანი ემიგრაციის მიუხედავად არ დაუკარგავთ კავშირი სამშობლოსთან და დღესაც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან.

დაჯილდოვდა ქართველი კომპოზიტორი ალექსანდრე რაქვიაშვილი, არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის, მათ შორის კინოფილმ „ფესვების“ კინომუსიკის ავტორი, რომელსაც წელს 80 წელი შეუსრულდა. დიდი მაესტრო 40 წელზე მეტია რუსეთში ცხოვრობს. ჯილდო მის შვილებს, ალექსანდრა რაქვიაშვილს და ელენა ჯოჯუას მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ გადასცა, რომელიც ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ, საბავშვო ანსამბლ „მზიურისთვის“ შექმნილ სიმღერებს ასრულებდა.

სამეცნიერო სფეროში პროფესიული წარმატებისთვის დაჯილდოვდა შვედეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ზაალ კოკაია, ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, რომელიც არაერთი წარმატებული ექსპერიმენტის და კვლევის ავტორია.

ბავშვთა კარდიოქირურგ თორნიკე სოლოღაშვილს, „შინ მომავლისთვის“ ჯილდო 4000-მდე წარმატებული ოპერაციისა და ქართველი პაციენტების უანგარო დახმარებისთვის გადაეცა. თორნიკე სოლოღაშვილი ბოლო ათეული წელია შვეიცარიაში მოღვაწეობს.

აშშ-ში მოღვაწე ექიმს, დავით მრელაშვილს „შინ მომავლისთვის“ ჯილდო ინოვაციური პროექტებისთვის გადაეცა და მსოფლიო აღიარებისთვის გადაეცა. დავით მრელაშვილი გინესის რეკორდსმენია, რომელმაც ყველაზე ხანგრძლივად მფრენი ელექტრო დრონი გამოიგონა.

ჯილდო გადაეცა აშშ-ში მცხოვრებ ემიგრანტს – მაკა ქობალიას ქართულ – ამერიკული პროექტისთვის „შინ“ – მაკა ქობალია ამავდროულად აშშ-ში ქართული საკვირაო სკოლის დამფუძნებელია. შინ მომავლისთვის ჯილდო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ეროვნული საქმისთვის გადაეცა.

დაჯილდოვდნენ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ემიგრანტები – სოფო ჯაჯანაშვილი და ზურაბ ქათამაძე. მათ ჯილდო პროექტისთვის „სფიჩი“ / “Speech” და „დიასპორული დიპლომატია“ გადაეცათ.

ქართველი ხელოვანების შემოქმედების პოპულარიზაციისთვის და მხარდაჭერისთვის, „შინ მომავლისთვის“ ჯილდო აშშ-ში მცხოვრებ არტკურატორსა და სამუზეუმო საქმის სპეციალისტს, მარიტა დამენიას გადაეცა. დამენია არტგალერეა MADATART-ის დამფუძნებელია, რომელიც აშშ-ში ქართველ მხატვრებსა და ხელოვანებს მასპინძლობს.

სამოქალაქო პლატფორმა „შინ მომავლისთვის“ 6 თვის წინ შეიქმნა. პლატფორმის მიზანი ემიგრაციიდან დაბრუნებული პირების და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესის ხელშეწყობაა.

ორგანიზაცია „შინ მომავლისთვის“ ქმნის ქართული ემიგრაციის პროფესიული პრინციპით სტრუქტურირებულ მსოფლიო ქსელს და ამა თუ იმ სფეროში მოღვაწე ქართველებთან ერთად სხვადასხვა სამოქალაქო პროექტზე მუშაობს, რაც ერთის მხრივ ქვეყნის განვითარებაზეა მიმართული და მეორეს მხრივ, ქართველთა სოლიდარობის გაძლიერებაზე მთელს მსოფლიოში.

იდეის ავტორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ენერგია და ინტელექტუალური რესურსი, რომელიც გასულია ქვეყნიდან, მოექცეს ერთიან კალაპოტში, რომლის ვექტორი მიმართული იქნება ქართული სახელმწიფოს სწრაფი განვითარებისკენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები